მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: მითითების შესრულებას ივანიშვილს რუსეთში სათანადოდ დაუფასებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, "მას შემდეგ, რაც ვერ იპოვეს ჩემს მიერ მითვისებული მილიარდები, ვინაიდან არცერთი თეთრი არასდროს არ მიმითვისებია, პირიქით საქართველოს ბიუჯეტი თერთმეტჯერ გავზარდეთ; ვერ დამიმტკიცეს ვერცერთი კონკრეტული დანაშაული, იმიტომ რომ დანაშაული არ ჩამიდენია და პირიქით დანაშაული თითქმის ნოლამდე დავიყვანეთ", წამოუყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება.

"ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილ არეულობების და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომით ვერ შეძლო თბილისის აღება და ჩემი მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხშირად გვიწყობდა არეულობებს მათ შორის პოლიტიკოსების ხელით, ჩვენ არცერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ჩაგვისვამს იმიტომ, რომ ჩემთვის ეროვნული თანხმობა იყო უზენაესი ღირებულება და ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს", - წერს სააკაშვილი facebook-ში და აღნიშნავს, რომ დღეს მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული.

"ივანიშვილის ამ მითითების შესრულებას ალბათ სათანადოდ დაუფასებენ, ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასხმული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიო პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები