რუსეთის ეკონომიკა

იარაღი და ნავთობი-ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს სექტორული სანქციები დაუწესეს

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სექტორული სანქციები დაუწესეს, რომელიც ენერგეტიკის, საბანკო და თავდაცვის სექტორებს შეეხება.

თუ რუსეთი იმ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, რომელსაც ახლა მისდევს, ეკონომიკური ხარჯები მისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა ბარაკ ობამამ. 

ბრიუსელში ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს თავდაცვისა და ნავთობმომპოვებელი სექტორებისთვის უცილებელი აღჭურვილობით ვაჭრობა რუსეთთან. შეიზღუდება ე.წ. ორმაგი გამოყენების პროდუქციის (გამოიყენება სამოქალაქო და სამხედრო მიზნებისთვის) მიყიდვაც რუსეთისთვის. 

სანქციები დაუწესდება საბანკო სექტორსაც. ბანკებს, რომელთა წილშიც რუსეთის სახელმწიფო ზის, შეეზღუდებათ წვდომა ევროპულ ბაზრებთან, რაც მათთვის მნიშვნელოვნად გაართულებს ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობას. 

სანქციების დაწესება ევროკავშირსა და ოფიციალურ ვაშინგტონს შორის კოორდინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ევროპარლამენტი სანქციებს სამ თვეში გადახედავს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესაბამისად შეიტანს მათში კორექტივებს. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინამ სანქციები კონკრეტული ბანკებისაკენ მიმართა. სანქცირებულთა სიაში შევიდნენ VTB, Bank of Moscow და Russian Agriculture Bank. სიაში შესულია გაერთიანებული გემთმშენებელი კომპანიაც. 

იმისათვის რომ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად არ დააზიანონ ბიზნესები, მოქმედი კონტრაქტების შეწყვეტა არ მოხდება და პარტნიორობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ამ პირობის თანახმად, საფრანგეთს მიეცემა უფლება გადასცეს რუსეთს ავიამზიდი, რომელიც უკვე გაყიდულად ითვლება. სანქციები ასევე არ შეეხება არსებულ კონტრაქტებს ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსულ ენერგომიმწოდებლებს შორის. 

კომენტარები