ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას „შეშფოთებით აკვირდება". განცხადებაში, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერმა 31 ივლისს გაავრცელა, ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ახსენებს:
„შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას. მიუხედავად იმისა, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, თანაზომიერი, პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი და მკაცრად მიესადაგებოდეს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ და სხვა სამართლებრივ პროცესებს ყოფილი მთავრობის და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ საქართველოში.
ასოცირების შეთანხმება, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც ორი კვირის წინ მოახდინა, ავალდებულებს საქართველოს, უერთგულოს საერთო ღირებულებებს, მათ შორის კანონის უზენაესობასა და კარგი მმართველობის პრინციპებს.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს ქართულ პოლიტიკაში, გვერდზე გადადონ წარსული დაპირისპირება და ფოკუსირდნენ ქვეყნის მომავალზე. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ეს მოითხოვს შორსმჭვრეტელ ხელმძღვანელობას, რომელიც მზად არის, დაამსხვრიოს პოლარიზებული პოლიტიკის პრაქტიკა", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა.





