გაეროს ანგარიში

პრემიერი: გაერო გვთხოვს, დაჩქარდეს წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "გაეროს პირდაპირი რეკომენდაცია და მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი". ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, "გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეოთხე პერიოდული ანგარიში პირველად დასკვნას წარმოადგენს, მაგრამ ის საკმაოდ დასაფიქრებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან საუბარია წარსულში ჩადენილ მძიმე დანაშაულებების – ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობაზე". აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ 24 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების, რაც შეიძლება სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად კვალიფიცირდეს, გამოძიების არასაკმარისი პროგრესის გამო. გარდა ამისა, გაერო უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გასული წლების გახმაურებული საქმეები (მითითებულია 2006 წლის არეულობა თბილისის მე-5 საპყრობილეში, გლდანის ციხეში პატიმრებთან არასათანადო მოპყრობა, სხვა ციხეებში მომხდარი დარღვევები, ასევე 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების დაშლა და სხვა ფაქტები), ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული. 

"გაეროს პირდაპირი რეკომენდაციაა და მოწოდება, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი. როგორც მათ პირველად დასკვნაშია აღნიშნული, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. იქ საუბარი არის ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, ქონების დატაცება და მრავალი სხვა. ეს არის მართლაც დასაფიქრებელი ჩვენი მთავრობისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. პროცესი არის ღია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ ამ პროცესში. მით უმეტეს, რომ საუბარია მძიმე დანაშაულებების გამოძიებაზე და ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყოფთ პროცესების გამჭვირვალობას და გახსნილობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტო ინტერპრესნიუსის (IPN) ინფორმაციით, დოკუმენტში  "განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების საკითხს, როგორიცაა სამოქალაქო პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ქონების ჩამორთმევის შემთხვევები“, ხოლო სათაურში მითითებულია, რომ „ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში მათი ბრალი შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კვალიფიცირდეს“.

სინამდვილეში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ 24 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დრის ან უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების, რაც შეიძლება სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად კვალიფიცირდეს, გამოძიების არასაკმარისი პროგრესის გამო.

სააგენტოს მოჰყავს ამონარიდი ანგარიშიდან იმის თაობაზე, რომ „წევრმა სახელმიფომ უნდა უზრუნველყოს, იძულებითი გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტები დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, რათა სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში დამნაშავეები, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირები, პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დაისაჯონ, დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ, მათ შორის, კომპენსაციის ჩათვლით“.

თუმცა, ინტერპრესნიუსი არ უთითებს იმას, რომ ანგარიშის ეს ნაწილი მხოლოდ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება და დოკუმენტის ამ ფორმულირებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ უკვე აღძრულ საქმეებს უკავშირებს, რაც ანგარიშის შინაარსს არ შეესაბამება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ, გაეროს აზრით, „გამოძიება უფრო მძიმე მუხლებით უნდა წარიმართოს, ვიდრე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა, რადგან ჩადენილი დანაშაულებები შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“. 

მაგრამ, ანგარიშის ნაწილში, სადაც გამოთქმულია უკმაყოფილება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით საქმეების აღძვრის გამო, საუბარია არა ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე, არამედ წამებაზე. კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ წამების ფაქტებზე საქმეების აღძვრა ხდება 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) მუხლით, და არა  1441-ე (წამება) ან 1443-ე (არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გასული წლების გახმაურებული საქმეები (მითითებულია 2006 წლის არეულობა თბილისის მე-5 საპყრობილეში, გლდანის ციხეში პატიმრებთან არასათანადო მოპყრობა, სხვა ციხეებში მომხდარი დარღვევები, ასევე 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების დაშლა და სხვა ფაქტები), ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული. 

გარდა ამისა, გაეროს კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია 2012 წლის არჩევნებამდე დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურაში შესული ათასობით საჩივრის გამო, იქნება ეს არასამართლიანი სასამართლო, წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები თუ ქონების უკანონო ჩამორთმევა, მაგრამ ამავდროულად ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში პოლიტიკური ანგარიშსწორების საშიშროებას ხედავს. 

„კომიტეტი აღიარებს მართლწესრიგის დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა და კორუფციაში მხილებულთა დაუსჯელობის თავიდან აცილების აუცილებლობას, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ ბრალდებების რიცხვმა ყოფილი მაღალჩინოსნების და მოქმედი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების აღქმა შექმნას“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში კომიტეტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს და მთელ რიგ სხვა საკანონმდებლო აქტებს. თუმცა, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის დამრღვევთა პასუხისმგებლობის სათანადო მექანიზმი გათვალისწინებული არ არის.  

კომენტარები