მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილს მიაჩნია, რომ დასავლეთი დასუსტდა

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება რუსეთში საკუთარი სპეცოპერაციის წარმატებად მიაჩნიათ. ხოლო ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთი დასუსტდა და რუსეთთან დაახლოებას ცდილობს.

„2012 წლის არჩევნები... ერთხელ უშიშროების საბჭოზე პუტინმა თქვა, ეს ვიცით ჩვენი მეგობრებისგან... რომ ეს იყო ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია... რუსებს მიაჩნიათ, რომ 2012 წლის არჩევნები მათი სპეცოპერაცია იყო თავისი ბედუკაძეებით, კადრებით, ინაშვილებით, პროპაგანდით და ა.შ.", - განაცხადა სააკაშვილმა.

მის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დევნის კომენტირებისას ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა: „ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას ბევრად მეტად სჭირდება რუსეთის მიმართ ჟესტების გაკეთება, ვიდრე დასავლეთის მიმართ. მას მიაჩნია, რომ დასავლეთი დაკავებული და დასუსტებულია და ის ტრაგიკულ და მძიმე შეცდომას უშვებს, იმოტომ, რომ ის ახლა ნამდვილად მიდის დინების წინააღმდეგ".

„მის ბატონ-პატრონ პუტინს ძალიან შავად აქვს საქმე. ახლა ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ისტორიული მოვლენების მომსწრე. პუტინს ძალიან მარტივად გამოუვიდა ყირიმი და აფეთქდა. გადაწყვიტა, რომ ასევე ადვილად გამოუვიდოდა სხვა ყველაფერი. დახარბდა და ეგონა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას ანშლუსით აიღებდა და გავიდოდა მოლდოვაში... აღმოჩნდა, რომ სამხრეთ უკრაინაში ოდესელებმა ივაჟკაცეს და ყოფა უტირეს რუსეთიდან გაგზავნილ ელემენტებს, დღეს პუტინი დგას სამხედრო მარცხის წინაშე დონეცკსა და ლუგანსკში, განსაკუთრებით ამ თვითმფრინავის შემდეგ. ისაა იზოლირებული, მის წინააღმდეგ ამოქმედდა ისეთი სანქციები, რომელიც დამანგრეველია რუსეთის ეკონომიკისთვის მაქსიმუმ ერთ წელიწადში", – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პუტინის ხელისუფლება დასასრულისკენ მიდის. „ჩვენ გვექნება ფანჯარა, მაქსიმუმ 1-2 წელიწადი, როდესაც რუსეთში იქნება სრული არეულობა... რომ არა მარტო დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, არა მარტო "ჩავბეტონდეთ" ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე, არამედ შეიძლება ბევრი სხვა რაღაც მივიღოთ ამ ყველაფრის შედეგად. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი არის მყარად ჩვენს მხარეს. ისე კი არა, რომ მოგითმენს, რასაც აკეთებ", – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები