მალაიზიური ბოინგი

რასმუსენი: სეპარატისტთა ბრალეულობის საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსს საკმარისი ინფორმაცია აქვს, რომელიც 17 ივნისს მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში პრორუსი სეპარატისტების ბრალეულობას ადასტურებს. ამის შესახებ რასმუსენმა ფრანგულ გამოცემა Midi Libre-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გენერალურმა მდივანმა თვითმფრინავის ჩამოგდებას სამხედრო დანაშაული უწოდა.

„ეს ადამიანური ტრაგედიაა. მეტიც, ეს სამხედრო დანაშაულია. ჩვენ გვაქვს არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ამაში დამნაშავე სეპარატისტები არიან, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ. თუმცა, მე მხარს ვუჭერ სრულ და დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას ფაქტების დასადგენად", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ჟურნალისტის კითხვას, უნდა გახდეს თუ არა მალაიზიური ბოინგის ჩამოდგება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განხილვის საგანი, რასმუსენმა უპასუხა - „დიახ, როგორც შედეგი". მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ დამნაშავეებმა აუცილებლად პასუხი უნდა აგონ.

დონეცკის მახლობლად მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერის, სავარაუდოდ, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქეა.

კომენტარები