კრიმინალი

შსს-ს ცნობით, დედაენის ბაღში სიმამრმა სიძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

მკვლელობა დედაენის ბაღში
police.ge

შსს-ს ცნობით, დედაენის ბაღში მდებარე კაფეში 1945 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

"თბილისის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მარიო ჭ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები