სააკაშვილისა და მერაბიშვილის საქმე

სააკაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატები საქმის მასალებს ჯერ არ იცნობენ

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ და ადვოკატები საქმის მასალებს ჯერ არ იცნობენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე, რომელიც ექსპრეზიდენტის საქმეში ნახსენები კიდევ ერთი პირის, ერეკლე კოდუას ადვოკატიც არის, განმარტავს, რომ კოდუას ნაწილიდან გამომდინარე, ერთადერთი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ ოქრუაშვილის ჩვენებაა.

"იმ საქმიდან გამომდინარე, ერთადერთი მტკიცებულება არის ოქრუაშვილის ჩვენება, სხვა მტკიცებულება ამ სააქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ არის. ერეკლე კოდუას წინააღმდეგაც კი არ აქვთ სპეცრაზმელებს მიცემული ჩვენება, რომ ერეკლე კოდუამ მათ რამე დაავალა", - აცხადებს ოთარ კახიძე.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი კი განმარტავს, რომ ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია და პიარის ნაწილს წარმოადგენს. ის ვარაუდობს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს.

"ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში შემოთავაზებული პრაქტიკა, როდესაც ჯერ გამოდის პროკურატურა და ბრიფინგს მართავს და ამ დაბრიფინგების შემდეგ იგებს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ჩვენც, თავად ბრალდებული, მისი ადვოკატები. ამ შემთხვევაშიც არ დაარღვიეს მათ ეს წესი. შეგვიძლია ვიმარჩიელოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მონახავდნენ ისეთივე მოწმეებს, როგორიც არის ბურჯანაძე, როგორიც არის მაღლაფერიძე, ჩვენ მოვისმინეთ ამ ბრიფინგზე, რამდენიმეჯერ ოქრუაშვილის გვარი გაჟღერდა ამ ბრიფინგზე.

ისეთ ადამიანს ნახავენ, რომელიც პოლიტიკურად არის მოტივირებული, არა მხოლოდ პიროვნებების მიმართ, ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, არამედ ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მიმართ. შესაბამისად, ამ სტანდარტით რამდენად გავლენ ფონს, უკვე ნათელიც არის და ჩანს კარგად, დარწმუნებული ვარ, მათ მტკიცებულებები არ ექნებათ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პიარი, გაყიდვადი ნაწილი საზოგადოებისთვის, რომ მათ კიდევ ერთი ახალი ბრალი წარუდგინეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

კომენტარები