უკრაინის კრიზისი

ბესელია უკრაინიდან ბავშვების ჩამოყვანაზე: ამაში გულწრფელობა არ არის

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან, განსაკუთრებით დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული ბავშვების დროებით ჩამოყვანის შესახებ, მიიჩნევს, რომ " ამაში გულწრფელობა კი არ არის, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათის კონტექსტია".

"ბავშვების თემა ზოგადად და ჰუმანიტარული ტიპის აქციების განხორციელება, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დემაგოგიის ან პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ეს ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი ასეთი შინაარსისგან. მესმის ძალიან კარგად, როცა ნაციონალური მოძრაობა ამ ტიპის თემებზე აკეთებს აქცენტს. ამაში გულწრფელობა კი არ არის, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათის კონტექსტია, თუმცა, ამის გარეშე თუ განვიხილავთ თემას, ბუნებრივია, ბავშვების მიმართ გამოჩენილი სოლიდარობა და ზოგადად ჰუმანიტარული აქციების მოწყობა, ეს არის ყოველთვის ყველაზე სასურველი და გამართლებული ფორმა, გამომდინარე შესაძლებლობიდან და სხვა თანმდევი საკითხების გადაწყვეტის ფონზე", - თქვა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურა ჯაფარიძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბრიფინგი გამართა და ნაციონალური მოძრაობის სახელით, ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა.

"უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რუსეთი ახორციელებს ღია აგრესიას, ეს სახეზეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. რუსეთისგან იყო მცდელობა, რომ ჰუმანიტარული მისიის სახელით დიდი რაოდენონით ჯავშანტექნიკა შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ამის აღკვეთა მოხერხდა. უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მხარდაჭერა გამოხატოს. ჩვენი ინიციატივაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებიდან, განსაკუთრებით დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული ბავშვები ჩამოიყვანოს საქართველოში. შესაძლებელია, თუნდაც რამდენიმე ასეული ბავშვის ჩამოყვანა მოხდეს საქართველოში გარკვეული ხნით. ამის გაკეთება შესაძლებელია საზაფხულო ბანაკების ფორმითაც. ეს იქნება წმინდად ჰუმანიტარული ხასიათის აქცია. ეს იქნება მნიშვნელოვანი ჟესტი. ამას არ დასჭირდება დიდი თანხები ბიუჯეტიდან. ერთადერთი, რაც ამას სჭირდება, არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება", – თქვა ჯაფარიძემ.

კომენტარები