ერაყის კრიზისი

ერაყის პრემიერმა თანამდებობის დატოვებაზე უარი თქვა და ბაღდადში ჯარი შეიყვანა

ერაყის პრემიერმინისტრმა ნური მალიქიმ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დედაქალაქის ქუჩებში მისი ერთგული ჯარის ნაწილები გამოიყვანა. პრემიერი საგანგებო ტელემიმართვით გამოვიდა, ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა და საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობისთვის სასამართლოთი დაემუქრა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მალიქის პრემიერობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, პარლამენტმა მისი კანდიდატურა აღარ წამოაყენა. პრეზიდენტ ფუად მასუმს კი, პარლამენტისგან საკონსტიტუციო ვადებში პრემიერის ახალი კანდიდატურის წარმოდგენა არ მოუთხოვია.

"მსგავსი მიდგომა არის გადატრიალების მცდელობა კონსტიტუციისა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის წინააღმდეგ. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევამ შესაძლოა მძიმე შედეგები მოიტანოს ქვეყნის ერთიანობისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა ერაყის პრემიერმინისტრმა ნური მალიქიმ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერაყის პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, მხარდაჭერა გამოუცხადა და ერაყში ინკლუზიური მთავრობის შექმნას დაუჭირა მხარი. მალიქის შიიტებისგან შემდგარ მთავრობას ხშირად აკრიტიკებდნენ საზოგადოების სხვა ჯგუფების ინტერესების უგულებელყოფის გამო.

კრიზისი ერაყში ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებას დაემთხვა. ერაყელი ქურთების შეიარაღებული ფორმირებების - ფეშმერგას ქვედანაყოფებმა ისლამისტებისგან ორი ქალაქის გაწმენდა შეძლეს, მათი დახმარებით ერაყში მანამდე სირიაში გაქცეული 20 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა. ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართავს.

პარალელურად, ამერიკულმა ავიაციამ ისლამისტების პოზიციებზე რამდენიმე წარმატებული ავიაიერიში მიიტანა. დარტყმები ქალაქ ერბილის მიდამოებში განხორციელდა, რომელიც ალ-ყაიდას მოკავშირე ორგანიზაციის მებრძოლების ხელში რჩება.

კომენტარები