უკრაინის კრიზისი

რასმუსენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა მაღალია

NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.

სააგენტო reuters-ის კითხვაზე პასუხად, რასმუსენმა განაცხადა, რომ „რუსეთი ავითარებს ნარატივსა და ქმნის მიზეზს მსგავსი ოპერაციის გასახორციელებლად ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ, ჩვენ ვხედავთ სათანადო სამხედრო სიმძლავრეს იმისთვის, რომ რუსეთმა განახორციელოს მსგავსი უკანონო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში“.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა NATO, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას, რასმუსენმა განაცხადა, რომ ეს ჰიპოთეტური საკითხია. „მიუხედავად ამისა, ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო ოპერაციას. თუ რუსები შეიჭრებიან უკრაინაში, საერთაშორისო საზოგადოება გადამწყვეტად იმოქმედებს, მათ შორის, უფრო ფართო, ღრმა და მკაცრი ეკონომიკური სანქციებით რუსეთის იზოლირებისთვის“, - განაცხადა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ კრემლის ოფიციალური საიტის ცნობით, პუტინი უკრაინაში „ჰუმანიტარულ დახმარებას" გზავნის. ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟოზე მანუელ ბაროზოსთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა „ყურადღება გაამახვილა კიევის ხელისუფლების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის კატასტროფულ შედეგებსა და კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის აუცილებლობაზე".

კრემლისვე ცნობით, საუბრის დროს აღინიშნა, რომ რუსული მხარე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინაში ჰუმანიტარულ კოლონას გზავნის.

კომენტარები