საბიუჯეტო ხარჯები

კობახიძე: არასერიოზულია, როცა ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და უკან აბრუნებ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ნინო კობახიძის შეფასებით, "არასერიოზულია, როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და მერე უკან აბრუნებ". ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას ის შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო გაუგზავნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არის შეძენილი. სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა - "გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის". 

"როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და მერე ისევ აბრუნებ, ეს მე მგონი, ძალიან არასერიოზულია და ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - თქვა ნინო კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს.

"ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს, დოკუმენტს ჩავიბარებთ, ტანსაცმელს ვერა", - უთხრეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კანცელარიის საშვთა ბიუროში. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით კი, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო პატრულის თანამშრომლებმა დაკარგული ნივთების ბიუროში გადაიტანეს. 

მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი, პროკურატურის მტკიცებით, პიჯაკებსა და პალტოზე დახარჯული თანხაა. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში შვიდი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი.

კომენტარები