EU-ს წარმომადგენლები: დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეთანხმების რატიფიცირება

ელმარ ბროკი
www.abcnews.al

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოახდინონ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება - ამის შესახებ ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის, ბერნ ლანგის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკისა და ევროპის პარლამენტის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები ევროსაბჭოს 29 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ყირიმის უკანონო ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ეკონომიკური ზომების შემოღებასთან დაკავშირებით მიესალმებიან და აცხადებენ, რომ რუსეთმა საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტების ნებისმიერი სახით დახმარება. მხარეები მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ რეგულარულად შემოღებულ ვაჭრობის უკანონო შეზღუდვებს საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, რომელიც უკვე ორი წელია მიმდინარეობს და ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის, ვალდებულებებს.

ერთობლივი განცხადების ავტორები მოუწოდებენ ევროკომისიას, დაეხმარონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე, ხელშეკრულება დროებით გამოიყენონ. 

"მოვუწოდებთ ევროკავშირს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ექსპორტიორებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები