პრეზიდენტის უფლებამოსილება

მთავრობის საპარლამენტო მდივანი: წოდება "მთავარსარდალი" სიმბოლური ხასიათისაა

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, "დღის წესრიგში, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფუნქციების გადახედვა არ დამდგარა იქიდან გამომდინარე, რომ წოდება "მთავარსარდალი" სიმბოლური ხასიათისაა". როგორც თადუმაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, ქრონიკასთან საუბარში თქვა, "ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი ან მონარქი არის უმაღლესი მთავარსარდალი იმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების და მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ომის შემთხვევაში ის გასცემს ერთადერთ ბრძანებას - ესაა ბრძანება შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთსიტყვიანია: "იმოქმედეთ".

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, მთავარსარდლის ფუნქციები კონსტიტუციურადაც და არაკონსტიტუციურადაც მხოლოდ ეს არის.

"მას შემდეგ, რაც მთავარსარდალი გასცემს მოქმედების ბრძანებას, ის პირები, რომლებიც მოქმედებებს ახორციელებენ, ბუნებრივია, ანგარიშვალდებულნი არიან ბრძანების გამცემთან. სულ ეს არის მთავარსარდლის ფუნქციები კონსტიტუციურადაც და არაკონსტიტუციურადაც. ამასთან, რამდენიმე მაგალითი შემიძლია გითხრათ: გერმანიის პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ომიანობის შემთხვევაში, ეს ფუნქცია გადადის კანცლერზე", - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და დასძინა, რომ "ეს არის ზოგადად მთავარსარდლის მოდელი". 

კომენტარები