შპს ჰერმესი

ნარმანია ჰერმესის საქმეზე: საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ დაგროვილ კითხვებზე

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების შემოწმების თხოვნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თავად მიმართა. ნარმანია შპს ჰერმესსა და თორმეტ სხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიას გამოეხმაურა.

"მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რათა დაეწყო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იმ ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ შემოწმებულა და სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დარღვევებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების თვალსაზრისით, გაუაზრებლად მაღალ ხარჯებს და, შესაბამისად, თბილისის მერიის კუთვნილი შემოსავლების ხელოვნურად შემცირებას. შპს ჰერმესი არ არის გამონაკლისი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, "ცალკეული ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ დასტურდება, რომ გაუაზრებლად მაღალი შრომის ანაზღაურება და პრემიები გაიცემოდა იმ ადამიანებზეც, რომლებიც, პრაქტიკულად, აღარ მუშაობდნენ ამ ორგანიზაციებში, ხდებოდა ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც ჩვენი აზრით, არამიზნობრივია. არ ხდებოდა საბიუჯეტო სახსრების მომჭირნედ, ყაირათიანად ხარჯვა. საკითხს დარეგულირება სჭირდება, გაუაზრებლად მაღალი ტარიფები, მიწის უაზროდ და უკანონოდ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დამთავრდეს და მომსახურება საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ნორმალური ფორმით“.

თბილისის მერის განცხადებითვე, მერიის სისტემა წლების განმავლობაში დახურული იყო და საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა.

"წინასაარჩევნო პერიოდში ამ კითხვებით მომმართავდნენ და მთხოვდნენ, ნათელი მომეფინა ამ საკითხებისთვის. ყველა ამ საკითხს შევისწავლით, საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებზე“, - აცხადებს დავით ნარმანია.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ჰერმესის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჰერმესის წინააღმდეგ საქმე თანხების მითვისება-გაფლანგვისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახური ჰერმესის გარდა, თბილისის მერიის კიდევ თორმეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების საქმიანობას სწავლობს, მათ შორის, ლოგოსის, უძრავი ქონება - თბილისის, გლდანის საცურაო აუზის და ა.შ. ამ ორგანიზაციებიდან საბუღალტრო დოკუმენტაცია უკვე ამოიღეს, რომელსაც გამოძიება სწავლობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) და 218-ე მუხლის (გადასახადისათვის თავის არიდება) მიხედვით მიმდინარეობს.

კომენტარები