აბორტი

დოკინსი: ამორალურია არ მოვიშოროთ ნაყოფი დაუნის სინდრომით

რიჩარდ დოკინსი
Jay Williams / telegraph.co.uk

ცნობილმა ათეისტმა მწერალმა, რიჩარდ დოკინსმა, Twitter-ზე განაცხადა, რომ „ცივილიზებული" იქნება, თუ დედა, რომელმაც შეიტყო, რომ მუცლად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს ატარებს, მას მოიშორებს. პროფესორმა დოკინსმა სახელი რელიგიებისა და რელიგიური ინსტიტუციების კრიტიკით გაითქვა. ის რამდენიმე პოპულარული წიგნისა და მრავალი ლექციის ავტორია.

დოკინსმა Twitter-ზე აბორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ირლანდიაში მოქმედ კანონმდებლობას არაცივილიზებული უწოდა, რაზეც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა: „2012 წელს ინგლისსა და უელსში დაუნის სინდრომის მქონე 994 ადამიანი გაჩენამდე მოკლეს, ეს ცივილიზებულია?" - დოკინსმა უპასუხა - „დიახ, ეს ცივილიზებულია. ეს არის ნაყოფის დიაგნოზი, იქამდე, სანამ მათ ექნებათ ადამიანური გრძნობები".

ამასთან, ერთ-ერთი ქალის კომენტარზე, რომ მისთვის ეთიკური დილემა იქნებოდა დაუნის სინდრომის მქონე ნაყოფის მოშორება, დოკინსმა დაწერა: „მოიშორეთ ის და კიდევ სცადეთ. ამორალური იქნებოდა მისი გაჩენა, თუ თქვენ გაქვთ არჩევანი".

დოკინსის განცხადებას უკვე მოჰყვა მრავალი მშობლის პროტესტი, რომლის შვილსაც დაუნის სინდრომი აქვს. აბორტის მოწინააღმდეგეებმა მისი კომენტარები ევგენიკის ქადაგებად მიიჩნიეს.

რიჩარდ დოკინსმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა აღნიშნული კომენტარისთვის.

 

კომენტარები