უკრაინის კრიზისი

რასმუსენი: „ჰუმანიტარული კოლონის“ შეყვანა უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაა

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში, კიევის ნებართვის გარეშე რუსული „ჰუმანიტარული კოლონის" შესვლას საგანგებო განცხადებთ გამოეხმაურა.

„ვგმობ რუსეთის ე. წ. ჰუმანიტარული კოლონის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის ხელსუფლების თანხმობისა და საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაწილებს გარეშე. ეს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ჟენევისა და ბერლინის ბოლო შეთანხმებების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი ხელყოფაა რუსეთის მხრიდან. საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპების დარღვევა წარმოშობს ახალ კითხვებს, არის ამ კოლონის ნამდვილი დანიშნულება სამოქალაქო პირების დახმარება თუ შეიარაღებული სეპარატისტების მომარაგება", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

რასმუსენის განცხადებთ, ეს მოვლენები კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევის ზრდას დაემთხვა. კერძოდ, რუსეთი საარტილერიო მხარდაჭერას უწევს სეპარატისტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საკუთარი ტერიტორიიდან. „ასევე, ჩვენ ვნახეთ დიდი რაოდენობით იარაღის, მათ შორის ტანკების, ჯავშანტექნიკის და არტილერიის მიწოდება სეპარატისტული ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, NATO აფიქსირებს რუსული სახმელეთო სა და საჰაერო ძალების საშიშ კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

სიტუაციის დეესკალაციის ნაცვლად, რუსეთი მდგომარეობის გამწვავებას განაგრძობს, მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოძებნას ცდილობს - განაცხადა რასმუსენმა. მან რუსეთს მოუწოდა „თავი დაანებოს პროვოკაციულ მოქმედებებს, შეწყვიტოს უკრაინის დესტაბილიზაცია და გადადგას რეალური ნაბიჯები ამ საშიში სიტუაციის განმუხტვისთვის, უკრაინის სუვერენიტეტის , ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით".

კომენტარები