ფაჩულიას და სანიკიძის მიმართვა

ფაჩულია: მივმართავ ღარიბაშვილს და მთავრობას: მიხედეთ ქვეყნის ჩემპიონატს

საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა პრემიერისა და მთავრობის მისამართით რამდენიმე განცხადება გააკეთეს.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში - სუპერლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შემცირდა და მხოლოდ ორს შეადგენს.

"გვინდა თხოვნით მივმართოთ ქვეყნის პრემიერმინისტრს, სპორტის მინისტრს და საქართველოს მთავრობას, რომ მიხედონ კალათბურთს, ყურადღება მიაქციონ სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში. დღესდღეობით ჩემპიონატში არის მხოლოდ ორი გუნდი, როდესაც უკვე აგვისტოს ბოლოა. არცერთ ქვეყანაში ასე არ ხდება, ამას საქართველო არ იმსახურებს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქვეყანამ აჩვენოს კარგი შედეგი და ქვეყნისთვის სამომავლოდ უფრო კარგი იქნება, თუ იქნება ძლიერი ჩემპიონატი, იქნებიან გუნდები, გაიზრდებიან პროფესიონალი კალათბურთელები, ამით უფრო ისარგებლებს ქვეყანა და ნაკრები უფრო ძლიერი იქნება", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

"იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. ძალიან საცოდაობაა, როდესაც ქვეყანას ასეთი ძლიერი ნაკრები ჰყავს და შიდა ჩემპიონატი სუსტიც კი არ არის - საერთოდ არ არსებობს", - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველმა კალათბურთელებმა პორტუგალიას სძლიეს და ევრობასკეტის საგზური მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატი 2015 წელს გაიმართება.

კომენტარები