მუსლიმთა საბჭო

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალაჰ შუქურ ფაშაზადე თბილისს ეწვია

www.biznesinfo.az

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალაჰ შუქურ ფაშაზადე თბილისში ჩამოვიდა. ფაშაზადე დაბადების 65 წლის იუბილეს თბილისში აღნიშნავს და ის მეგობრული ვიზიტით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვია. აეროპორტში ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად დახვდა. პატრიარქმა ფაშაზადეს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის ვიზიტს საქართველოში მიესალმება. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

თავის მხრივ, როგორც ინტერპრესნიუსის ცნობით, ფაშაზადემ აღნიშნა, მოხარულია იმით, რომ კიდევ ერთხელ იმყოფება საქართველოში. ფაშაზადემ თქვა, რომ საქართველოს პატრიარქი კავკასიის სულიერი ლიდერი და მისი მეგობარია. მან მადლობა გადაუხადა ილია მეორეს წლების განმავლობაში მეგობრობისთვის და რჩევებისთვის.

ფაშაზადეს თქმით, საქართველოში წამოსვლამდე იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და ილია მეორეს მისი მოკითხვა გადასცა. ფაშაზადემ პატრიარქის აზერბაიჯანში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათთვის ეს ვიზიტი დღემდე დაუვიწყარია. 

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს საპატრიარქოში მიიღებს. ფაშაზადე საქართველოში ორი დღის განმავლობაში დარჩება. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. 
ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში ბოლოს 2013 წლის იანვარში, პატრიარქის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე იმყოფებოდა. 

კომენტარები