პოლიცია

პოლიცია ცდილობდა ნაცემი პოლიციელი მესტიიდან არ გამოეშვა

Reuters

პოლიცია შეეცადა მესტიის პოლიციის უფროსის მიერ ნაცემი თანამშრომლისთვის გადაადგილებაში ხელი შეეშალა,  - ამის  შესახებ ტაბულას მესტიის პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ჭანტურიამ განუცხადა, რომელიც დაშავებულ პოლიციელთან ერთად მესტიიდან ზუგდიდში გაემგზავრა.

მისი თქმით, სოფელ ბეჩოსთან მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს და მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ. თუმცა, მათ თავის დაღწევა და გზის გაგრძელება შეძლეს.  

ზვიად ჭანტურია ტაბულასთან საუბრისას ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების თანამშრომელი ცემეს, უფროსის მოადგილე გიორგი ჯაფარიძე მას და დაშავებულ პოლიციელს ემუქრებოდა.

ჭანტურიას თქმით, გიორგი ჯაფარიძე ჯერ საავადმყოფოში მივიდა, სადაც ნაცემი პოლიციელი რომან ყორშია იმყოფებოდა, შემდეგ კი ზვიად ჭანტურიას პოლიციის შენობასთან დახვდა, აგინებდა და ემუქრებოდა. მის უკმაყოფილება მომხდარის გამხელამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ, ზვიად ჭანტურიას განცხადებთ, პოლიციის უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი რომან ყორშია ცემეს. მიღებული დაზიანებების გამო მას პირის ღრუს ამოკერვა დასჭირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 

 

 

კომენტარები