უკრაინის კრიზისი

ილია მეორემ დონეცკელ მიტროპოლიტს დაურეკა და ძმურ მხარდაჭერას დაჰპირდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მიტროპოლიტს დაურეკა. რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მყოფ მიტროპოლიტ ილარიონ შუკალოს, რომელიც პრორუსული განცხადებებით არის ცნობილი, ილია მეორე ძმურ მხარდაჭერასა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვას დაჰპირდა.

როგორც ეპარქიის საიტზეა ნათქვამი, ილია მეორე დონეცკის ეპარქიის საეკლესიო საქმეებით დაინტერესდა, რომლის ტერიტორიაზეც დღეს აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

„დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა ილია მეორეს თხოვნით მიმართა იძულებით გადაადგილებულთა, დევნილთა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გახსნილი ცეცხლით დაზარალებულთა ლოცვისთვის. თავის მხრივ, ილია მეორემ მიტროპოლიტ ილარიონს ძმური მხარდაჭერა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვა აღუთქვა", - ნათქვამია ეპარქიის ოფიციალურ საიტზე.

მიტროპოლიტი ილარიონი უკრაინაში რუსულ აგრესიას "ძმათამკვლელ" ბრძოლას უწოდებს და ყველა მხარეს "კონფლიქტის ესკალაციის" თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. თავის განცხადებებში მას არასდროს დაუჭერია მხარი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და არ დაუგმია რუსული აგრესია. რუს აგრესორებს ის "მშვიდობიან მოსახლეობად" მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაშია და მას ახლადარჩეული პრორუსი მიტროპოლიტი ონოფრე მართავს. მეორე ნაწილს, რომელიც პროდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და უკრაინის ეროვნული ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია, პატრიარქი ფილარეტი საჭეთმპყრობლობს. ამ უკანასკნელს საქართველოს საპატრიარქო კანონიკურად არ აღიარებს. მას კანონიკურად არ აღიარებენ არც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები.

ტაბულა ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოსთან გადაამოწმოს. 

კომენტარები