კრიმინალი

იზორია: კრიმინალის ზრდაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს

radiotavisupleba.ge / radiotavisupleba.ge

არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესებულია, არ არსებობს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.

იზორია, სპეციალურ ბრიფინგზე, ბოლო დღეებში მომხდარი მკვლელობის ფაქტებსა და შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შესახებ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობის განცხადებები ყოველგვარ რეალურ საფუძველსაა მოკლებული და მიზნად ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაციას ისახავს. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია. ეს არის ერთი, და მეორე, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესებულია, არ არსებობს. ამისთვის მე მინდა მოვიხმო სტატისტიკა – კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში სამწუხაროდ ზუსტად იგივე რაოდენობა იყო – 11, რაც გვაქვს 2014 წლის აგვისტოში. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უწინ ამ ამბების გაშუქება იშვიათად ხდებოდა. დღეს თითქმის ყველა მკვლელობა შუქდება და ამაში ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იჩენს აქტიურობას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას. ჩვენი პრესსამსახური მომავალშიც გააგრძელებს ამას", – განაცხადა იზორიამ.

იზორიას თქმით, მკვლელობები ყველა ქვეყანაში ხდება და, სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება.

"ეს ყველა ქვეყანაში ხდება, სამწუხაროდ. მინდა ასეც გითხრათ, უმრავლეს შემთხევაში ეს მკვლელობები ხდება მეგობრებს და ნათესავებს შორის და იშვიათ შემთხვევაში - უცნობებს შორის. აქედან გამომდინარე, იმის პრევენცია, რა მოხდება სუფრის შემდეგ ნათესავებს შორის, როგორც ეს ლილოში მოხდა, ამას ვერცერთი პოლიციელი, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს ის და რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს მისი საქმიანობა, პრევენციის კუთხით ვერ შეძლებს", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

იზორიას განცხადებით, ივნისის თვეში თბილისში მხოლოდ ერთი მკვლელობა დაფიქსირდა და სტატისტიკის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების დროს გამოცხადებული ამნისტია კრიმინალის ზრდის მიზეზი არ არის და წინა წლებშიც ქვეყანაში იგივე სიტუაცია იყო.

"გეუბნებით პირდაპირ, ეს რეალობა იყო 2011, 2012 და 2013 წელსაც", - განაცხადა იზორიამ.

კომენტარები