უკრაინის კრიზისი

NATO-ს სამხედრო მეთაური: უკრაინის მიწაზე რუსეთის რეგულარული ძალები არიან

ადრიან ბრედშოუ
wikipedia.org

NATO-ს სამხედრო მეთაურმა, გენერალმა ადრიან ბრედშოუმ, კრისტიან ამანპურს გადაცემაში განაცხადა, რომ თუ უკრაინასა და პრორუს სეპარატისტებს შორის მიღწეული შეთანხმება მშვიდობის მომასწავებელია, ეს მისასალმებელი სიახლეა. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის რეგულარული ძალებიც იმყოფებიან.

"თუ ეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომასწავებელია, მისასალმებელი სიახლეა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ მოვლენები სიტყვების ნაცვლად ქმედებებით უნდა შევაფასოთ. ვშიშობ, ამ კრიზისის დროს მრავალი ნათქვამი მოვისმინეთ, რომლებიც ქმედებაში არ გამოხატულა. ამიტომ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება გულწრფელია... ჩვენ უკვე ვიცით, რომ უკრაინის მიწაზე რუსეთის რეგულარული ძალები არიან რომლებიც მართავენ საბრძოლო ტანკებს, საარტილერიო ცეცხლს ხსნიან და ყველანაირ დახმარებას უწევენ სეპარატისტებს", - განაცხადა გენერალმა ბრედშოუმ.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ანდრეი კელინმა CNN-ის ეთერში პარასკევს, 5 სექტემბერს ბრედშოუს უპასუხა.

"უკრაინაში არ არიან რუსული ჯარები და ეს ნამდვილად ასეა... იქ გარკვეული რაოდენობის რუსი მოხალისეები არიან, შესაძლოა ყოფილი სამხედროები, რომლებიც თავისუფლებისთვის მებრძოლთა მხარეს იბრძვიან", - განაცხადა კელინმა.

 

 

კომენტარები