მედიკამენტები რეცეპტით

ენმ: “სააფთიაქო ექიმის” გაჩენამ სერგეენკოს “რეფორმა” თავდაყირა დააყენა

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მედიკამენტების რეცეპტით გაცემამ "სააფთიაქო ექიმის" გაჩენა გამოიწვია, რამაც რეფორმა "თავდაყირა დააყენა". პარტიის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ფარმაცევტული კომპანიის დაქირავებული ექიმები რეცეპტს იქვე, სააფთიაქო დახლის გვერდზე წერენ არა მხოლოდ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების, არამედ პაციენტის გასინჯვის გარეშეც. ჭიაბერაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ რეფორმამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრობლემები კიდევ ერთხელ გამოავლინა.

"ჯანდაცვის სამინისტრომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიის გაფართოება პაციენტებზე ზრუნვის მოტივით ახსნა. მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, “რეფორმას” უნდა შეემცირებინა თვითმკურნალობა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარება. მინისტრი იმედოვნებდა, რომ ამით არა მხოლოდ უკეთესად ვიმკურნალებდით, არამედ ჩვენი ფინანსებიც დაიზოგებოდა.

“სააფთიაქო ექიმის” გაჩენამ სერგეენკოს “რეფორმა” თავდაყირა დააყენა: ფარმაცევტული კომპანიის დაქირავებული ექიმები რეცეპტს იქვე, სააფთიაქო დახლის გვერდზე წერენ, თან ისე, რომ ამას წინ არათუ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, არამედ პაციენტის გასინჯვაც კი არ უძღვის.

ეს აჩვენებს, რომ

1. სერგეენკოს მეთოდით რეცეპტის სისტემის ასე გაუაზრებლად გაფართოება თვითმკურნალობისა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარების მაჩვენებელს ვერ შეამცირებს. სამაგიეროდ, უფრო შეგვიმცირებს არჩევანის საშუალებას: კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის მიერ დაქირავებული “სააფთიაქო ექიმის” რეცეპტი მხოლოდ იმ კომპანიის ქსელში მოქმედებს.

2. სერგეენკოს “რეცეპტის რეფორმამ” ვერც ჩვენს ჯიბეს უშველა. იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტის სისტემა არსებობს, რეცეპტით ადამიანები მედიკამენტებს უფასოდ ან მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ. თუ მინისტრი სერგეენკო რეცეპტის სისტემას აფართოებდა, მაშინ მედიკამენტების საფასურის გადახდაში მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დახმარებოდა. საყოველთაო ჯანდაცვა კი მედიკამენტებს საერთოდ არ აფინანსებს. შესაბამისად, სერგეენკოს ამ გაუაზრებელმა “რეფორმამ” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრობლემები კიდევ ერთხელ გამოავლინა", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალს და უნდა აამოქმედოს პროგრამა, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფინანსებს მოხმარებული მედიკამენტების ხარჯს.

"ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალს, მნიშვნელოვნად შეამციროს იგი და მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში (ამ თვალსაზრისით სია კრიტიკას ვერ უძლებს, იმდენად არაპროფესიულადაა შედგენილი);

იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტით გასაცემთა სიაში დატოვებს, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აამოქმედოს პროგრამა, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფინანსებს მოხმარებული მედიკამენტების ხარჯს.

მინიმუმ ამ ორი ცვლილების გარეშე “რეცეპტის რეფორმაც” ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდება ჯანდაცვის სისტემისათვის, როგორც ეს საყოველთაო ჯანდაცვა აღმოჩნდა", - მიიჩნევს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები