რელიგიური დისკრიმინაცია

ქობულეთში, მუსლიმური სასულიერო სასწავლებლის შესასვლელში ღორის თავი დაკიდეს

ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მედრესეს მშენებლობას აპროტესტებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მუსლიმები ადგილზე არ ყოფილან, ამიტომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

”პროტესტის მთავარი არსი ის არის, რომ თურქეთის მოქალაქემ მუსტაფა ბუიუქმა შეიძინა ჩვენი მეზობლის სახლი. მასთან ურთიერთობის დროს გაირკვა, რომ ის აშენებს ოფისსა და სასტუმროს. ჩვენ მას ეს მივულოცეთ და მისთვის არანაირი პრობლემა არ იყო, ეს იყო კერძო საკუთრება, მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ ის აშენებს მედრესეს, ანუ სასწავლო ცენტრს, მუსლიმანურ განმანათლებელ სასწავლო ცენტრს, თქვენ იცით, რომ კანონის მიხედვით ეს არის აკრძალული, მაგრამ მან დღეისთვის უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გააფრთხილა პატარა ბავშვები მშობლებთან ერთად, ორმოცდახუთი ბავშვი უნდა მოიყვანოს აქ. ამიტომ ამ დილით, 9 საათზე შევიკრიბეთ, რომ ეს არ მოხდეს. ფაქტობრივად, ეს არის ჩვენი ძმების, მუსლიმების შეცდომაში შეყვანა, ეს არის მზაკვრული თურქეთის პოლიტიკა. ჩვენ, მუსლიმი ქართველი ძმების საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. ქობულეთში არის ორი სასწავლო ცენტრი, გადაანაწილონ ბავშვები იქ და თუ აუცილებელია, ასწავლონ. ისტორიულად აქ ცხოვრობენ ქრისტიანები. გასაგებია, რომ ამის შემდეგ აქ დაიწყება მუსლიმანური წესისა და კანონის აღმსარებლობა, რაც ჩვენთვის, ჩვენი უფლებებისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია აჭარასთან საუბარში.

შსს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის 151 მუხლით (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა) მიმდინარეობს. 

კომენტარები