ლიბერთი ბანკის საქმე

ნარმანია: ლიბერთი ბანკთან გარიგებით თბილისის ბიუჯეტმა ათ მილიონზე მეტი დაკარგა

თბილისის წინა მთავრობისა და ლიბერთი ბანკის გარიგებით თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მერიის ხელმძღვანელობა შეისწავლის 2010 წლის 26 აპრილს მერიასა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საბანკო მომსახურების შესახებ. მისი თქმით, მერიასა და ბანკს შორის ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს (რომელიც 40 მილიონ ლარს აღემატებოდა) სარგებელს არიცხავდა წლიური 16,05%-ის ოდენობით ლარში, 11%-ს აშშ დოლარში არსებულ თანხებსა და 8%-ს ევროში არსებულ თანხებზე, თუმცა 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება და ეს პროცენტები სრულიად გაუგებრად შემცირდა.

"2013 წლის 17 აპრილს, მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება 2010 წლის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპროცენტო სარგებელის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად - მინიმალური ზღვარი 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარებში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ თანხებს, ნაცვლად ადრე არსებული 16.05%-ისა ერიცხება 4%. აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2%, ნაცვლად 11%-ისა. ხოლო ევროში არსებულ თანხებს ასევე 2%, ნაცვლად ადრე არსებული 8%-ისა. ვხედავთ, რომ პროცენტები საგრძნობლად არის შემცირებული, 40 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე განისაზღვრა 4%, იმ დროს როდესაც ნაშთზე არსებული თანხა უმეტესწილად 40 მილიონ ლარზე მეტია. დარღვევა არის ის, რომ მოხდა ბანკის ანგარიშზე არსებული თანხაზე დარიცხული პროცენტების შემცირება, რის გამოც თბილისის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი დაკარგა. თუ პროცენტების შემცირებაზე შეთავაზება ბანკის მხრიდან გაკეთდა, მაშინ მერია არ უნდა დათანხმებულიყო და უნდა მოეძებნა ახალი ბანკი, ხოლო თუ მერიის მხრიდან იყო ეს შეთავაზება, მით უფრო უარესი", - განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს ცვლილებები განპირობებული იყო გარიგებითა და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებებიც არ გამოირიცხება. მისი განცხადებით, ეს საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა და სწორედ სამართალდამცველი ორგანოები დაადგენენ 2013 წლის ხელშეკრულების რეალურ მიზანს და, ასევე, შესაძლო კერძო ინტერესებს.

ლიბერთი ბანკი თბილისის მერის განცხადებაზე საპასუხო განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს, - ამის შესახებ ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლადო გურგენიძემ განაცხადა. 

კომენტარები