გათავისუფლებები მერიაში

NGO-ები მერიაში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს გმობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED, TI და საია თბილისის მერიაში საჯარო მოხელეების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს გმობენ.

”გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატიურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის „ნებაყოფლობით" დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ. ადგილი აქვს, ასევე, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარასაც.”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია მერიიდან დათხოვნილ თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება ზეწოლის შედეგად მოხდა.

”როგორც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ორმა სპეციალისტმა და ამავე სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსმა განგვიცხადეს, მათი და სხვა კოლეგების მიმართ მსგავსი ზეწოლა თავდაპირველად აგვისტოს ბოლოს, ხოლო განმეორებით - სექტემბრის დასაწყისში განხორციელდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - გეგი ნიჟარაძისა და მისი პირველი მოადგილის - დავით მედულაშვილის მიერ. მათი განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირები კაბინეტში თანამშრომლებს ნებაყოფობითი გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებს ახვედრებენ ხელმოსაწერად. აღნიშნული საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ განცხადების ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, სამსახურის უფროსისგან ხორციელდება მუქარა მათი საქმეების საგამოძიებო ორგანოების მიერ შესწავლის თაობაზე.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურშიც, ასევე, დიდუბის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის განცხადებით, ირმა ზავრადაშვილმა მას სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა და განუცხადა, რომ ვინაიდან ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ იყო, დიდუბის რაიონის გამგეობაში ვერ იმუშავებდა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მსგავსი ზეწოლის შედეგად, საკუთარი განცხადების საფუძველზე რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა უკვე დატოვა თანამდებობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პირადად ესაუბრნენ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირების მიერ მსგავსი ქმედებების განხორციელება.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ადგილი მოხელეთა მხრიდან საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებას, ან უფლებამოსილების გადამეტებას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში გათავისუფლების საფუძველი დასაბუთებული უნდა იყოს მერიის მხრიდან და გათავისუფლებულ მოხელეებს ჰქონდეთ მათი გადაწყვეტილებების კანონიერი გზით გასაჩივრების უფლება. სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, მოხელეთა მიმართ სავარაუდოდ ხორციელდება ზეწოლა გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადებების დაწერის მოთხოვნით.”, - ნათქვამია განცხადებაში.  

არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერიაში საჯარო მოხელეების გათავისუფლება რიგ შემთხვევებში აშკარა ან ფარული ზეწოლის ფონზე ხდება.

"იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულვებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მერიასა და შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები. ხოლო თბილისის მერს მოუწოდებენ, გაავრცელოს 2014 წლის ივლისიდან დღემდე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ პირთა სია და მოტივები. ხოლო მსგავსი ფაქტების შემთხვევაში საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ, მათ მიმართონ.

”მოვუწოდებთ თბილისის მერს და შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ სათანადო რეაგირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი უკანონო ქმედება (ზეწოლა, მუქარა, დაშინება), რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მერიის თანამშრომლების მიმართ, უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს;

 ასევე, მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს (გაავრცელოს) ინფორმაცია 2014 წლის ივლისიდან დღემდე თბილისის მერიისა და მის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა სია, გათავისუფლების მოტივების მითითებით;

მსგავსი ფაქტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით, მოვუწოდებთ ნებისმიერ საჯარო მოხელეს, მათზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნოთ და დაუკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციების სათავო თუ რეგიონულ ოფისებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები