ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე რუსთავი 2

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისთვის სხვა მედიასაშუალებები "უფრო მძიმეა", ვიდრე რუსთავი 2, რადგან "ჩვენ ვიცით, რუსთავი 2-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა". როგორც ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში თქვა, სხვა ტელევიზიები "პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს", რასაც წამოსწევს რუსთავი 2.

"დღევანდელ მდგომარეობაზეც ვიტყოდი ორიოდ სიტყვას: არის რუსთავი 2, რომელიც არ მალავს, რომ  ნაციონალური მოძრაობის აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე  ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ - მათი (ნაცმოძრაობის) ლიდერი არის რუსთავი 2-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას არავინ ცდილობს. რუსთავი 2-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე რუსთავი 2, რადგან ჩვენ ვიცით, რუსთავი 2-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. რუსთავი 2-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ - რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ - ჩემთვის დღეს უფრო მძიმე სხვა ტელევიზიები - გინდაც პირველი არხი, მაესტრო თუ იმედია, რადგან ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს რუსთავი 2. რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს. სამი ტელევიზია დავასახელე და, საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა რუსთავი 2-დან. ჩემი გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ და თავის დროზე, ჩემს დამოკიდებულებას თითოეულ მედიასაშუალებაზე დეტალურად მოგახსენებთ... ეს მძიმე თემაა საზოგადოებისთვისაც, რადგან ამ ტელევიზიებს, რუსთავი 2-ისგან განსხვავებით, საზოგადოება აღიქვამს, რომ ისინი არიან ობიექტურები და თავისუფალნი. მაგრამ ძალიან ხშირად ისინი იმეორებენ იმავეს, რასაც რუსთავი 2 გადამოწმებისა და არგუმენტების გარეშე გაავრცელებს და ეს იწვევს საზოგადოების დაბნევას", - აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები