დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოში დანაშაული შემცირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგვისტოს თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. 2014 წლის აგვისტოს თვეში რეგისტრირებულია 2405 დანაშაული, რომელთაგან გახსნილია 1277. გახსნის მაჩვენებელი 53.1%-ია. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა 19.27%.

აგვისტოს თვის სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირებულია განზრახ მკვლელობის 10 შემთხვევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.08%-ით არის შემცირებული. ხოლო, სტატისტიკის თანახმად, დაფიქსირდა 1 განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული.

სტატისტიკის თანახმად, აგვისტოს თვეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 19 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლის 89.47%-ია გახსნილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული დანაშაული 72.73%-ით არის გაზრდილი.

აგვისტოს თვის მონაცემებით, ნარკოტიკული დანაშაულის 338 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 329 (97.34%) გახსნილია. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნარკოტიკული დანაშაული 47.35%-ით არის შემცირებული.

2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05%.

კომენტარები