გენდერული თანასწორობა

NGO-ები: კობახიძის განცხადება ქალს არასრულფასოვან არსებად წარმოაჩენს

არასამთავრობო ორგანიზაციეებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერი პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებასა და გენდერული სტერეოტიპების გამყარებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, მანანა კობახიძემ Facebook-ში დაწერა, რომ "როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტიკოსს და საჯარო პირს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, აქვს საჯარო კრიტიკის, მათ შორის, უსაფუძვლო თავდასხმის მიმართ თმენის ვალდებულება და ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სამართლებრივი პრინციპია. ngo-ები აღნიშნავენ, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ იმგვარ ინფორმაციას ან იდეას, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი. 

"პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხრიდან, აღნიშნული განცხადება წარმოადგენს პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებას და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს. ამასთან, მანანა კობახიძის განცხადება აჩენს შესაძლებლობას ის წავიკითხოთ, როგორც მუქარა პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული კულტურული ფასეულობების მქონე ადამიანების მიმართ, ვისაც შეურაცხმყოფელი კომენტარი გაუკეთებია პირადად მისი ან მისი თანამოაზრეების შესახებ.  

სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის „შუბლის გახვრეტით“ შურისძიების გამართლება განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობისა და კრიმინალის წახალისების მცდელობას წარმოადგენს. განცხადება ამყარებს არსებულ სექსისტურ სტერეოტიპს, რომ აგრესიული და ძალადობრივი ქცევა ღირსებისა და „კაცურობის“გამოვლინება და კულტურულად დასაშვები ქცევაა. მსგავსი შეფასებები განსაკუთრებით საშიშია ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ხშირია ე.წ. „ღირსების დანაშაულები“. 
 
გარდა ამისა, მანანა კობახიძის განცხადება, ქალს წარმოაჩენს, როგორც არასრულფასოვან არსებას. რომელსაც თავად არ შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა და დამოკიდებულია მისი ოჯახის წევრი კაცების ქცევაზე. ეს მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გენდერული პოლიტიკის გახორციელებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სექსისტური, პატრიარქალური და ძალადობრივი ღირებულებების და ქცევის წესების ცვლილებაზე უნდა იყოს მიმართული.
 
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება ინტერესს და საფუძვლიან შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მომხდარი მკვლელობებისა და სხვა სასტიკი დანაშაულების მიმართ და ხელისუფლებას კანონიერი და ეფექტური ღონისძიებების მიღებას სთხოვს, სრულიად მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხრიდან კრინიმალური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე არასერიოზული მსჯელობა, რაც არსებული პრობლემის არაღიარებას და მისი მნიშვნელობის გაუფასურების მცდელობას წარმოადგენს. 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და გენდერული თანსწორობის საბჭოს გაემიჯნონ ვიცე-სპიკერის განცხადებას" - ნათქვამია 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები