კანონიერი ქურდები

თარგამაძე შსს-ს: დააკავეთ სენაკში მყოფი კანონიერი ქურდი ფრიდონ ბარკალაია

საპარლამენტო უმცირესოის წევრი გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დააკავოს ე.წ კანონიერი ქურდი - ფრიდონ ბარკალაია, მეტსახელად "ცანციკა". თარგამაძის ინფორმაციით, ბარკალაია ახლა სენაკში იმყოფება. ოპოზიციონერმა დეპუტატმა შსს-ს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

"კანონიერი ქურდი ფრიდონ ბარკალაია ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის დღიდან, ინტენსიურად მოძრაობს საქართველოში, თავისუფლად შემოდის და გადის ქვეყნიდან. ის იმყოფება სენაკში. მისი მეტსახელია "ცანციკა". კეთილი ინებოს პოლიციამ, მოძებნოს "ცანციკა" სენაკში და დააკავოს, მაგრამ ლუდის დალევაზე კი არ დააკავოს, დააკავოს იმაზე, რისთვისაც არის დასაკავებელი", - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ მზად არის, საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებზე და მათ მფარველებზე ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდოს.

ენმ-ის წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს. ნინო გიორგობიანის თქმით, ფრიდონ ბარკალაია 77 წლის არის და სენაკში ცხოვრობს. 

"ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონიერი ქურდი - ზედმეტსახელად "ცანციკა" ანუ ფრიდონ ბარკალაია სენაკში იმყოფება და მოგვიწოდა, რომ დავაკავოთ. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული პირი არ არის კანონიერი ქურდი. ის 77 წლისაა და მთელი ცხოვრება სენაკში ცხოვრობს. რატომ შეჰყავს შეცდომაში დეპუტატს მოსახლეობა პარლამენტის ტრიბუნიდან?", - უთხრა გიორგობიანმა ინტერპრესნიუსს. 

კომენტარები