თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მერია პაპავას: გაზგასამართი სადგურის მშენებლობა თსუ-ს ხელს არ შეუშლის

თბილისის მერიის განცხადებით, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის საკითხი არ გადაიხედება. უწყების განმარტებითვე, მაღლივ კორპუსთან მშენებარე გაზგასამართი სადგური პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს.

"მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით" - აღნიშნავს მერია და განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელზეც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

"თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამინისტროსთან, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ქონების გადმოცემა. პარალელურად, უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტირებისთვის საჭირო პროცედურები" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებამ და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან შეუფერებელი და მიუღებელი საქმიანობის წამოწყებამ, ტრადიციული სახე მიიღო. მან მიმართა მთავრობას, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას, მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებები, რათა არ მოხდეს უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების, სტუდენტების ინტერესების უგულებელყოფა.

"როგორც ირკვევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა და უახლოეს პერიოდში სტუდენტთა და მეცნიერთა სახლის აშენება იგეგმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავმოყრის ადგილას გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე იგნორირებულია უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის, ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობაზე, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურებმა ეს ინიციატივა შეცვალეს და დღეს სახეზე გვაქვს ავტოტრანსპორტისთვის გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება" - აცხადებს პაპავა.

კომენტარები