რუსეთის ეკონომიკა

სექტემბრისთვის რუსეთიდან $90 მილიარდი უცხოური კაპიტალია გადინებული

რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში შეტანილი დესტაბილიზაციის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო საზოგადოებამ ეკონომიკურ სანქციებს მიმართა. სანქციების ბოლო რაუნდი შეეხო რუს ნავთობმომპოვებლებს.

სექტემბრის თვისთვის რუსეთის ეკონომიკიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტია გადინებული.

ეკონომიკური სანქციების მთავარი მიზანია აღიკვეთოს პუტინის აგრესია უკრაინაში. სანქციებით პუტინთან გამკლავებას სკეპტიკურად უდგება ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და კატონის ინსტიტუტის პროფესორი ანდრეი ილარიონოვი.

ილარიონოვს მიაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კიევის მხრიდან სამხედრო ძალების მობილიზება და სწორი მენეჯმენტია.

არც სანქციები, არც დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები მოახდენს რაიმე გავლენას ვლადიმირ პუტინზე. კრემლს ღრმად სწამს, რომ დაცალკევებული ერების შეკავშირება მათი უმაღლესი მისიაა. პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ნახევარი ისტორიულად რუსეთს ეკუთვნის. ამას ვერ შეცვლის ვერც ევროპის მიერ გაკეთებული განცხადებები და ვერც სანქციები, - თქვა ანდრეი ილარიონოვმა 14 სექტემბერს კიევში გამართულ კონფერენციაზე.

ილარიონოვის მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ყველა ხელშეკრულება დაირღვა, სანქციებს კი რეალური შედეგი კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ჯერ არ გამოუღიათ, თუმცა რუსეთის ეკონომიკა ეტაპობრივად მიყენებულ დარტყმებს მაინც გრძნობს.

ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკური სანქციები რუს სეპარატისტებსა და ოფიციალურ კრემლს უკრაინაში კონფლიქტის შეჩერების მოტივაციას არ აძლევს, 17 ივლისს დაწესებული სანქციების შემდეგ მომხდარი ტრაგედიაა.

რუსმა სეპარატისტებმა მალაიზიის ავიახაზების ბოინგი ჩამოაგდეს. დაიღუპა 300-მდე მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ.

ტრაგედიის შემდეგ დაწესებულმა სანქციებით რუსეთის ეკონომიკამ დარტყმა სავალუტო ბაზარზეც განიცადა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯიბეზე, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებსა და მსყიდველუნარიანობაზე. 2014 წელს ფასების დონემ რუსეთში 8%-ით იმატა.

მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკაზე ნავთობის ფასის დავარდნა 97 ამერიკულ დოლარამდე, რადგან რუსეთის ბიუჯეტი გათვლილია ნავთობის ფასზე 96 ამერკული დოლარი ბარელზე.

რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონიც, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტური და დროულია.

სანქციები ეფექტურია. მათ აშკარად უკვე იქონიეს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც ამ წლის პირველ კვარტალში გაუარესდა: ზრდა 0%-თან ახლოსაა; ინფლაცია პროგნოზით ორნიშნა რიცხვს უახლოვდება; არც ერთი დოლარი, ევრო ან შვეიცარიული ფრანკი არ იყო გაცემული სესხად რუსეთისთვის ივლისში. ევროობლიგაციები, რომლებიც გაცემული იყო რუსულ კომპანიებზე, 2014 წლის დასაწყისში დაეცა 93%-ით. რუბლი დოლართან მიმართებით წარმოუდგენლად შემცირდა. კაპიტალის გადინება ამ წელს 80 მილიარდ დოლარს მიაღწევს, - წერს დევიდ ლიდინგტონი.
მიუხედავად ლიდინგტონის ოპტიმიზმისა, რუსეთი სანქციებს დღემდე არასერიოზულად აღიქვამს. 20 სექტემბერს დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ევროპას ძვირად დაუჯდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

სანქციები ადრე თუ გვიან შეწყდება, მაგრამ რუსეთის ევროპელი პარტნიორები, რომელთაც დატოვეს რუსული ბაზარი, უკან ვეღარ დაბრუნდებიან, რადგან მათი ადგილი რუს ან სხვა უცხოელ მეწარმეებს ექნებათ დაკავებული, - თქვა მედვედევმა სატელევიზიო ინტერვიუში.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების და მისი ეკონომიკური ეფექტების მიუხედავად, პუტინის რეიტინგი მოსახლეობაში კვლავ მაღალია, უკრაინის კონფლიქტის სტრატეგია კი უცვლელი.

კომენტარები