გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

ფანჯიკიძე: ჩვენი მიზანია დევნილთა დაბრუნებაზე მხარდაჭერის გაზრდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დევნილთა საკითხზე გაეროს ყოველწლიური რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუციის საკითხი სხვადასხვა სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრისას, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.  

"თუ მხარდაჭერთა რიცხვი იქნება ძალიან სოლიდური, ახლა გვაქვს 69 მხარდაჭერა 193 ქვეყნიდან, მაშინ მას უფრო მეტი მორალური დატვირთვა ექნება იმ მხარისთვის, რომელმაც უნდა შეასრულოს ამ რეზოლუციით გაცხადებული მიზნები. ჩვენი მიზანია მხარდაჭერის გაზრდა, ეს აუცილებლად დადებითად იმოქმედებს, მაგალითად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, საერთოდ გარემოს უფრო ხელსაყრელს გახდის. როცა გვეცოდინება, რომ მსოფლიოს ქვეყანათა უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ იდეას, უკეთეს გარემოს შექმნის იმისთვის, რომ ჩვენ რომ სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაოთ და დევნილების დაბრუნება გახდეს რეალური", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერისთვის ეს იყო პირველი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მოსახლეობისა და განვითარების ფორუმზე. მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე.

"კერძოდ, მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა სტრატეგიაზე, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ისაუბრა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, სოციალურ პაკეტზე, რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს მოსახლეობის დაფინანსება ჯანდაცვის კუთხით. გარდა ამისა, მან ისაუბრა ქალთა უფლებების დაცვაზე და ლტოლვილების თემასაც შეეხო. ლტოლვილების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა გაეროს ფორმატში, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველწლიურად გაგვაქვს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მათი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ. ამიტომ მხარდაჭერის მოპოვება ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ამოცანა, როდესაც ვიმყოფებით გაეროში", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

კომენტარები