თენგო ერისთავის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

თენგო ერისთავის ოჯახი სამართალდამცველების მხრიდან კანონის დარღვევის გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს. ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოში სარჩელი მიმდინარე კვირას შევა.

თენგო ერისთავი რამდენიმე დღის წინ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დეიდასთან ერთად პრობაციის სამსახურში მიდიოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მას 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერება სუბუტექსი ჰქონდა. დაკავებულის დეიდა ამბობს, რომ მის დისშვილს ნარკოტიკი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.

ოჯახი ერისთავის დაკავებას რამდენიმე კვირის წინ ვაკეში მომხდარ მკვლელობას უკავშირებს. თენგო ერისთავი აბაშიძის ქუჩაზე ჩაცხრილული ლაშა მახარაძის მეგობარია. თამარ კეკელიძის თქმით, მისი დისშვილი პოლიციელებმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ მახარაძის პანაშვიდიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. კეკელიძის თქმით, აღნიშნულის შემდეგ ერისთავი სახლიდან არ გამოდიოდა.

ოჯახს იურიდიულ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. კახა კოჟორიძე ერისთავის დაკავების მუხლის ალოგიკურობაზე საუბრობს.

"დაკავების მომენტში, როგორც ჩანს, პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა იარაღი, თუმცა აღმოჩნდა, რომ იარაღი ერისთავს არ გააჩნდა. ჩაატარეს ჩხრეკა, შემდეგ იყო პაუზა და ამ პაუზის შემდეგ იქ მყოფებმა გაიგონეს თენგო ერისთავის ხმა, რომელიც პოლიციელებს მიმართავდა - "რატომ მიდებთ ნარკოტიკს" და ითხოვდა ჟურნალისტების დახმარებას", - განაცხადა კოჟორიძემ. მისივე თქმით, საეჭვოა, რომ ნასამართლევი პირი ნარკოტიკული საშუალებებით მიდიოდეს პრობაციის ბიუროში, მაშინ როდესაც წინა დღეებში მისთვის ცნობილი იყო, რომ მასზე საპოლიციო ზედამხედველობა ხორციელდებოდა. კოჟორიძის განმარტებითვე, ერისთავის დაკავების მომენტში დაირღვა როგორც ბრალდებულის, ასევე მისი დეიდის უფლებები. მისი თქმით, პოლიცია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაინტერესებულა სხვა პირების ჩვენებით და საქმეში მხოლოდ სამართალდამცველების ჩვენებები დევს.

თენგო ერისთავს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.

კომენტარები