აშშ-საქართველოს ურთიერთობა

თავდაცვის სამინისტრო: განვიხილავთ გზებს ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და NATO-სთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში". უწყებაში გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს და აღნიშნეს, რომ "საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზა ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას".

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, მოკავშირეებთან ერთად განხილული არცერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში.

"საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ს აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე უდასტურებს. გეგეშიძის თქმით, საქართველომ ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა, თუმცა, ოფიციალური დასტური თეთრი სახლისგან არ მიუღია. მისივე განმარტებით, ცენტრი არა მხოლოდ სირიელ მეამბოხეებს, არამედ ჯიჰადისტებთან მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან გაწვრთნის. "ეს კონტრტერორიზმის საწვრთნელი ცენტრი იქნება ნებისმიერი ეროვნებისთვის", - აღნიშნავს გეგეშიძე.

სტატიის მიხედვით, სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნის ინიციატივა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს მისი თბილისში ვიზიტის დროს არაფორმალურ შეხვედრაზე შესთავაზეს.

„მიუხედავად ამ ინიციატივისა, საეჭვოა, რომ საქართველო NATO-ს წევრი არათუ უახლოეს პერიოდში, არამედ ოდესმე გახდეს. უპირველესი დაბრკოლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული მოძრაობებია. რუსეთის სამხედრო ძალები 2008 წლის შემდეგ კვლავ რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კი წარმოშობს შიშს, რომ თბილისის ალიანსში გაწევრიანებას შესაძლოა NATO-ს რუსეთთან კონფრონტაცია მოჰყვეს ალიანსის მეხუთე მუხლის კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ტაბულამ ინფორმაცია საქართველოს შეთავაზებაზე მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ინფორმაცია უარყვეს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ კი თქვა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ღირდა, რადგან ეს სრული აბსურდი და ჭორია. 

კომენტარები