მედიაზე ზეწოლა

ომბუდსმენი ნათია მიქიაშვილზე სავარაუდო მუქარის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, "ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის თაობაზე გაატაროს სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და ჟურნალისტური საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნა". სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა თითოეულ ჟურნალისტს  ყოველგვარი ზეწოლის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეს.

"საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და დაუშვებელია ცენზურა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა", - აცხადებს ომბუდსმენი.

ცნობისთვის, ნათია მიქიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი მუქარაში გუშინ, 23 სექტემბერს, დაადანაშაულა. მიქიაშვილის თქმით, ის ამზადებს გადაცემას საქართველოში ბიზნესების გადანაწილების შესახებ, რომელშიც ზვიად ჯანყარაშვილი ფიგურირებს. მიქიაშვილის თქმით, ჯანყარაშვილმა ჯერ გადაცემის შეჩერება მოითხოვა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში "შესაბამისად მოექცეოდა". ჟურნალისტის მტკიცებით, როდესაც რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ გადაცემა ანატომია რუსთავი 2-ის ეთერში უნდა გასულიყო, გენინსპექციის მხრიდან ზეწოლის გამო, მისი მეუღლე იძულებული გახდა, პოლიციელთა რიგები დაეტოვებინა. მიქიაშვილისვე თქმით, მას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ ემუქრებოდნენ. ჟურნალისტმა რეაგირებისთვის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა.

ზვიად ჯანყარაშვილი ნათია მიქიაშვილის ბრალდებას მის მიმართ მუქარის შესახებ უსაფუძვლოს უწოდებს. ასევე, ის უარყოფს თავის მონაწილეობას ბიზნესების გადანაწილებაში. ჯანყარაშვილი მიქიაშვილს უზნეო ადამიანად მოიხსენიებს, რომელიც თვითდამკვიდრებას ცდილობს. 

კომენტარები