კოალიციის ყოფილი მრჩეველი

ქართული ოცნების ყოფილ მრჩეველს მიკერძოების დამალვაში სდებენ ბრალს

Dfwatch

გამოცემა Huffingtonpost სტატიას აქვეყნებს სათაურით - "ამერიკის საგარეო პოლიტიკის მანიპულაცია მედიით სისტემატურია". ავტორი წერს, რომ უცხოელი ლობისტების მცდელობები ამერიკული მედიის საშუალებით 'გამოძერწონ' აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, მანიპულაციის ნაწილია. ავტორი პროფესორ ბრენდა შეფერის სიტყვებსაც იშველიებს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკული მედიის საშუალებით დეზინფორმაციის კამპანია ხორციელდება, რომლებიც, მაგალითად, ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ისრაელისა და აზერბაიჯანის მეგობრობას. "ვფიქრობ, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ სტატიების გავლენას, როდესაც არ ვიცით, ვინ დგას მის უკან და რატომ".

ავტორი სტატიაში, სხვა მაგალითებთან ერთად, კოლუმბიის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორისა და ექსპერტის საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელის სტატიასაც იხსენებს. აღსანიშნავია, რომ მიტჩელი კოალიცია ქართული ოცნების არაოფიციალური მრჩეველი იყო.

"ლინკოლნ მიტჩელმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში, გასულ თვეს Foreign Policy-ში გამოაქვეყნა სტატია "სააკაშვილს არ სჭირდება მცირედი დახმარებაც კი მისი მეგობრებისგან" - მიტჩელმა მოუწოდა ამერიკას, აღარ დაუჭიროს მხარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილს მისი ქვეყნის შიდა მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით.

ბექგრაუნდი : (საქართველოს ახალი ხელისუფლება სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს იძიებს. ზოგიერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ გამოხატა შეშფოთება, რომ ბრალდებები შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას მოუწოდა, გამოძიება შეეწყვიტა.)

ლინკოლნ მიტჩელმა არ გაამჟღავნა Foreign Policy-სთან, რომ წარსულში კოალიცია ქართული ოცნების ანაზღაურებადი კონსულტანტი იყო. ეს კოალიცია ახლა ხელისუფლებაშია და ექსპრეზიდენტის გასამართლებას ცდილობს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როდესაც ქართული ოცნება ოპოზიციაში იყო, ლინკოლნ მიტჩელი პარტიის სარეკლამო რგოლებშიც მონაწილეობდა. 

მოგვიანებით Foreign Policy-მ მიტჩელის სტატიის ქვეშ განმარტება მიაწერა: 

განმარტება, 8 აგვისტო, 2014: ამ სტატიის ავტორი, ლინკოლნ მიტჩელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში კოალიცია ქართული ოცნების კონსულტანტი იყო. სტატიის წინა ვერსია ამ კავშირს არ ხსნიდა.

ლინკოლნ მიტჩელი იმ დროს, როდესაც ეს სტატია დაწერა, კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა. ის წერდა როგორც სტატიებს აკადემიური ჟურნალებისთვის, ასევე ოპედებს მედიაში. ამჟამად, მიტჩელი უძღვება საკონსულტაციო კომპანიას "პოლიტიკური განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და კვლევის" შესახებ. 

მიტჩელმა მოგვიანებით ახსნა - "მე ახლოს ვარ საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წევრთან, მაგრამ არასდროს გადაუხდიათ მათ ჩემთვის რაიმე სამუშაოსთვის, წერისთვის, ლობირებისთვის და ა.შ. 2012 წელს ქართულ ოცნებაში საინფორმაციო კამპანიის მრჩეველი ვიყავი და სულ ეს იყო. კოალიციის ლიდერებს ვხვდები მაშინ, როდესაც ისინი ნიუ-იორკში არიან, ან როცა თბილისში ვარ. მაგრამ ასე ბევრი ადამიანი იქცევა. ისინი რჩევებს მეკითხებიან, თუმცა, ამისთვის არ იხდიან", - წერია Huffingtonpost-ის სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, რაიმე მტკიცებულება მიტჩელის მიერ ანაზღაურების მიღებაზე არ არსებობს, თუმცა, ამბობს - "მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ამერიკის მედია ნაკლებ ყურადღებას იჩენს კონტრიბუტორთა ბექგრაუნდის მიმართ".

კომენტარები