დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ფანჯიკიძე: პრემიერმა დავოსში მიწვევა ჯერ კიდევ მაისში მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო დავოსში მიწვევა და საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია ამზადებს ამ ვიზიტს". ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა საუბრები შედგა თურქეთში, სადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს.

"არაფერი ვიცი იმის შესახებ, რა საუბარი ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში. არ ვესწრებოდი შეხვედრას, მაგრამ ვიცი ის, რომ პრემიერმინისტრმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ "პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წავა".

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში ყოველწლიურ ფორუმზე მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგველაშვილის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ბატონმა შვაბმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა თხოვნა, რომ დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლეს დონეზე უნდა წარმოაჩინოს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უპირატესობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს - ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები