კრიზისი უკრაინაში

მერკელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების საჭიროებას ვერ ხედავს

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქების საჭიროებას ვერ ხედავს. ანგელა მერკელის განცხადებით, ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის გარანტია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ნორმალიზაციას მოიტანს. ამიტომაც, მისი თქმით, სანქციების გადახედვა გაუმართლებელია და ზეწოლის გაგრძელების საჭიროება არსებობს.

ევროკავშირის ქვეყნებმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხი უნდა განიხილონ. მანამდე რუსულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბრიუსელმა შესაძლოა მოსკოვისთვის დაწესებული შეზღუდვები შეარბილოს.

უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. დილიდან სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტს ისევ შეუტიეს. ასევე ისმოდა სროლა ფრონტის ხაზის სხვა მონაკვეთებზეც. უკრაინული წყაროების ცნობით, რუსმა სამხედროებმა და სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გაფორმების დღიდან უკვე ათასჯერ დაარღვიეს. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, დონეცკში აეროპორტის  შტურმის ბოლო მცდელობის შედეგად 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 27 დაშავდა. დიდია მსხვერპლი სეპარატისტების მხარეს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე. ამის საპასუხოდ, უკრაინის პროკურატურამ რუსეთის თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქმე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით აღძრა.  

ამასთან, უკრაინა თანახმაა, რუსული გაზის საფასური წინასწარ გადაიხადოს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ამის თაობაზე შეთანხმება კიევთან უკვე მიღწეულია. რუსეთი მზადაა უკრაინას გაზის მოწოდება მას შემდეგ აღუდგინოს, რაც უკრაინა 2 მილიარდი დოლარის დავალიანებას აანაზღაურებს და გარკვეულ თანხას წინასწარ გადაიხდის. როგორც მანამდე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში განაცხადა, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, კიევმა მოსკოვს წლის ბოლომდე დავალიანების დასაფარად და წინასწარი გადახდის სახით 3 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.

კომენტარები