ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი: ივანიშვილი კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმაა

ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მის ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 9 თვეზე მეტ ხანს პატიმრობის გამოყენება კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ევროსაჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეიცვალოს. ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს შორის დაპირისპირებაზე არის საუბარი.

როგორც სტრასბურგში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ტაბულას ატყობინებენ, კომიტეტმა გაიზიარა მათი შემდეგი შესწორება:

“ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყოფილი პრემიერისა და მმართველი კოალიციის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შესახებ არსებულ ცნობებზე. რადგან მას არანაირი ფორმალური თანამდებობა არ უკავია გადადგომის შემდეგ, ივანიშვილი არის კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა. წამყვანმა მინისტრებმა, პრემიერის ჩათვლით, საჯაროდ დაადასტურეს, რომ აქვთ რეგულარული კონსულტაციები ივანიშვილთან”, - ვკითხულობთ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში.

ევროსაბჭო საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებითაც მიმართავს. რეზოლუციის საბოლოო ვერსია დღეს გახდება ცნობილი.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათთვის ანგარიშში კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით კი, ამ სახის დოკუმენტი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა ერთხელ უკვე მოამზადა. ისინი თავიანთ პოზიციებს დებატებზე დაიცავენ. 

კომენტარები