ენერგეტიკა

გაზისა და ნავთობის კორპორაცია სამგორში მიწისქვეშა გაზსაცავის აშენებას გეგმავს

გაზისა და ნავთობის კორპორაცია სამგორში მიწისქვეშა გაზსაცავის აშენებას გეგმავს. გაზსაცავს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამგორში ერთერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე ააშენებს. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ ტერიტორიაზე საცავის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტს აზერბაიჯანიდან, სოკართან გაფორმებული ხელშეკრულებით ახორციელებს. 

უახლოეს პერიოდში დაიწყება გაზსაცავის პროექტის წინასწარი საინჟინრო-ტექნიკური შესწავლები და სხვადასხვა ლოჯისტიკური დეტალების გადაწყვეტა, რომელთა დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის კორპორაცია მშენებლობას დაიწყებს. კორპორაციას პროექტის დაფინანსებისთვის რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუციასთან აქვს მოლაპარაკებები. გაზსაცავთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ახალ ობიექტს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ობიექტი კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნისათვის გაზის მიწოდების სათადარიგო წყარო იქნება.

კომენტარები