საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი ჟურნალისტებს: თქვენში კოლეგის მიმართ არავითარი სოლიდარობა არ ჩანს

ტაბულა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის საქმეზე კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტები მიკერძოებაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილის თქმით, რუსთავი 2-ს მედიამ ამ ამბის არ გაშუქებით სოლიდარობა გამოუცხადა, ხოლო "კოლეგის", ასავალ-დასავალის თანამშრომლის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტის მიმართ, არავითარი სოლიდარობა არ გამოხატეს.

"სულ რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩაღა 2 ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არცერთმა ტელევიზიამ, მე როგორც მახსოვს, ეს პიროვნება, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამოუშვა. ადამიანი, რომელიც იყო ბრალდებული 2 ადამიანის დაყაჩაღებაში გადამტვრეული ბოთლით, სასამართლომ გამოუშვა. და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, რომ თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი...

[ზაზა დავითაიაზე თავდასხმა] არის ყოვლად მიუღებელი ძალადობა. მე გაოგნებული ვარ. არავითარი სოლიდარობა თქვენში არ ჩანს. თუმცა გამოჩნდა სოლიდარობა იმ დროს, როცა თქვენი კოლეგის ძმამ დააყაჩაღა 2 ტაქსისტი. თქვენ სიმართლე ელაპარაკეთ ხალხს, შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება!", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა დავითაია, რომლის ცემასაც გუშინ, 1 ოქტომბერს დაპირისპირება მოჰყვა, 2006 წლის 6 სექტემბერს  სამშობლოს ღალატისა და საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი გზით ჩამოგდების მიზნით, შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააკავეს. დავითაიასთან ერთად ბრალი იგორ გიორგაძის კიდევ 12 მომხრეს წაუყენეს.

ასავალ-დასავალის ჟურნალისტს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა. რამდენიმე დღის წინა ქორნიკა + მა ფარული სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ზაზა დავითაია ლადო ბედუკაძეს ესაუბრება და მის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ჩანაწერში დავითაია საუბრობს, რომ მას ამ თემაზე მაშინდელ მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან ჰქონდა მოლაპარაკებები და ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას პირდებოდა.

კომენტარები