ევროკავშირის რეზოლუცია

ბოკერია: რეზოლუციაზე პრემიერმინისტრის რეაქცია ავტორიტარის განცხადებას ჰგავს

პრემიერმინისტრის რეაქცია ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ავტორიტარული რეჟიმის ლიდერების განცხადებას ჰგავს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განცხადებით, მთავრობა საქმის კეთების ნაცვლად შეთქმულების თეორიის შეთხზვითაა დაკავებული.

„ჩვენ ყველაზე უფრო გვაშფოთებს და ამაზე ვსაუბრობთ საჯაროდ, გარდა იმისა, რასაც ასახავს ეს რეზოლუცია, და ეს არის პრობლემა - პოლიტიკური დევნა, ძალადობა და ვითარების გაუარესება. პრემიერმინისტრის რეაქცია რეზოლუციაზე არის საგანგაშო, რადგან მისი რეაქცია ძალიან ჰგავს იმ ქვეყნების ლიდერების რეაქციას სადაც ღიად ავტორიტარული რეჟიმია. ეს არის დამატებითი შეშფოთების საგანი, როდესაც ევროპული სტრუქტურებიდან წამოსული კრიტიკა ასოცირებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებთან. სადაც ვერ ხვდებიან განსხვავებას მთავრობასა და სამშობლოს შორის. საქმის კეთების ნაცვლად შეთქმულების თეორიების შეთხზვით არიან დაკავებულები“, - განაცხადა ბოკერიამ.  

ბოკერია ასევე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წლიურ შეჯამებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში მოვლენების საგანგაშო განვითარებას ევროპაშიც ამჩნევენ.

„2014-ის არჩევნები იყო ბოლო წლებში პირველი არჩევნები, როდესაც რამდენიმე კანდიდატს საარჩევნო კამპანიის წარმოება წინასწარი პატიმრობიდან მოუწია. მეორე ტურამდე ხუთი დღით ადრე კი, მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი დაიჭირეს. ეს არის მოვლენების საგანგაშო განვითარება და არაა გასაკვირი, რომ ამას ყველა საერთაშორისო ევროპული ორგანიზაცია შეამჩნევს და ამაზე იქნება საუბარი. პრობლემაა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა ევროპის საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავს“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი სირია-საქართველოს ურთიერთობაზე იყო, და აღნიშნა, რომ რუსეთის საქმე არ არის, საქართველო რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამა თუ იმ საქმეზე.

„ეს არ არის რუსეთის ფედერაციის საქმე, საქართველო რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამა თუ იმ კონტექსტში. ასევე აღსანიშნავია ის სითბო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ იგრძნობა. ის სრული ბაკქანალია, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი მთავრობის შიგნით, როცა ერთი წარმომადგენელი ერთს ამბობს, მეორე ამას გმობს - ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გვახსენებს როგორი ხიფათის წინაშე ვართ, როცა ივანიშვილის მეთაურობით არაკომპეტენტური, უნიათო და არაკოორდინირებული მთავრობა გვყავს“, - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები