ჰაჯი საუდის არაბეთში

"სელფის ციებ-ცხელებამ” მუსლიმთა წმინდა ქალაქი მექა მოიცვა

Amr Abdallah Dalsh / Reuters

მუსლიმ სწავლულთა დიდი ნაწილი შეშფოთებულია "სელფის ციებ-ცხელებით”, რომელმაც მუსლიმთა წმინდა ქალაქი, მექა მოიცვა.

ისლამურ კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური მოვლენა, პილიგრიმობა მექაში, 1-ლ ოქტომბერს დაიწყო. ამ დღიდან, ათასობით პილიგრიმი ჰაჯის რიტუალების შესრულებისას საკუთარი სურათის გადაღებას ცდილობს. პილიგრიმები ფოტოს ქააბას ტაძრის გარშემო მსვლელობისას, შავ ქვაზე მთხვევის დროს და სხვა რიტუალების შესრულებისას იღებენ.

მუსლიმი სწავლულების დიდი ნაწილი მექაში “სელფის ციებ-ცხელებას”აქტიურად აკრიტიკებს. ისინი შიშობენ, რომ ათასობით პილიგრიმის სურვილი, საკუთარ თავს გადაუღოს სურათი, ჰაჯის მთავარ მიზანს აყენებს ჩრდილს. მათი თქმით, მსგავსი ქცევა ეწინააღმდეგება მოციქული მუჰამედის სურვილს, რადგან ამ პილიგრიმობის ერთადერთი მიზანი, წმინდა ადგილების თაყვანისცემის ნაცვლად, ფოტოს გადაღება და სოციალურ ქსელებში ატვირთვა ხდება.

რამდენიმე რელიგიურმა ლიდერმა Arab News-ს განუცხადა, რომ პილიგრიმებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები. მათი თქმით, პილიგრიმი, რომელიც ჰაჯის დროს ყველა თავის მოძრაობას კამერით აფიქსირებს, ზღუდავს საკუთარ შანსს, რომ რიტუალის დროს ჭეშმარიტი სულიერი კავშირი განიცადოს.

პრობლემამ მექაში თავი მას შემდეგ იჩინა, რაც საუდის არაბეთის მთავრობამ წმინდა ადგილებზე კამერიანი ტელეფონების შეტანაზე წლების განმავლობაში არსებული შეზღუდვები შეამსუბუქა.

კომენტარები