საფეხბურთო კლუბი სამტრედია

კარლო კალაძის "სამტრედიას" მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარი გამოეყო

facebook.com/OFFICIALPAGEFCSAMTREDIA

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით 400 ათასი ლარი მოხმარდება.

გუნდი, რომლის პრეზიდენტიც კახა კალაძის მამა კარლო კალაძეა, გამოყოფილ თანხას შემდეგნაირად დახარჯავს: მწვრთნელისა და ფეხბურთელების ანაზღაურებას 264 600, საპრემიო ფონდს - 54 850, მივლინებას - 9 000, კვებას - 40 000, მედიკამენტების შეძენას - 2 250, საწვავ–საპოხი მასალების შეძენას - 4 800, საჯარო სანქციას - 1000, საწევროს შესატანს - 21 900, ლიცენზირებას - 1000, სატენდერო მომსახურებას - 500 ლარი დაემატა. სხვა დანარჩენ ხარჯებზე კი, 24 400 ლარია გათვალისწინებული.

სულ სამტრედიის მუნიციპალიტეტს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 500 ათასი ლარი გამოეყო. აქედან სოციალური პროექტებისთვის სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 70 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: ინდივიდუალური დახმარების პროგრამა 13 ათასი ლარი, ახალშობილთა დახმარება ყოველ მესამე და შემდგომი ახალშობილისთვის 8 ათასი, სარიტუალო ხარჯები 2 ათასი, დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება და ტრანსპორტირება 2 ათასი ლარი. 1000 ლარით დაფინანსდებიან ლეიკემიით დავადებული ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 57 ათას ლარს შეადგენს. 1000 ლარით დაფინანსდება მარტოხელა დედათა სოციალური დაცვა. რაც შეეხება განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი პრობლემების მქონე მოქალაქეთა ფინანსურ დახმარებას, ის 2 ათას ლარს, ხოლო შეჭირვებულ მოქალაქეთა ფინანსური დახმარება - 5 ათას ლარს შეადგენს.

სამტრედიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის დავით ბაღდავაძის განცხადებით, „სამტრედია“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და მუნიციპალიტეტმა მთავრობას საფეხბურთო გუნდისთვის 400 000 ლარის გამოყოფა სთხოვა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა სოციალური განცხადება დაკმაყოფილებულია.

საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატის სხვა კლუბების თბილისის დინამოს, ზესტაფონისა და გორის დილას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. მეტიც გორის დილაში განაცხადეს, რომ მათ 4 თვეა ხელფასი არ აუღიათ. თუმცა მათი წარმომადგენლის განცხადებით, რაღაც თანხას პირდებიან თუმცა კონკრეტულად როდის, თარიღი არ იციან. ბათუმის დინამოში კი აცხადებენ, რომ ისინი ფეხბურთის ფედერაციისგან უახლოეს ორ კვირაში 200 ათასიდან 250 ათასამდე თანხას ელიან. 

კომენტარები