მსჯავრდებულთა შეწყალება

პრეზიდენტმა 115 მსჯავრდებული შეიწყალა

გლდანის ციხე
AFP

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 115 მსჯავრდებული შეიწყალა. შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, 115 მსჯავრდებულიდან 88 დღესვე, ღამის 12 საათამდე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. 115-დან 27-ს შეუმცირდა სასჯელი, აქედან ზოგს გაუნახევრდა, ზოგს 1/3-ით შეუმცირდა. მისივე განმარტებით, შეწყალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია, აქედან 4 არასრულწლოვანი სრულად გათავისუფლდა, სამს სასჯელი შეუმცირდა. გათავისუფლებულებს შორის არის ერთი ქალბატონიც. როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, კომისიაში ძალიან მცირე იყო ქალბატონების განცხადებები შესული, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ.

რაც შეეხება შეწყალებულთა კატეგორიას, ქორიძის განცხადებით, შეწყალება სხვადასხვა ტიპის მსჯავრდებულებს შეეხო, მათ შორის არიან როგორც მძიმე, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ქორიძის განმარტებით, სრულად გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ქურდობისთვის, ცივი იარაღის უკანონო ტარების მუხლით, სამსახურებრივი სიყალბით და ა.შ. როგორც ქორიძემ აღნიშნა, სასჯელი შეუმცირდა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ორ პირს.

"ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ კომისიამ შესთავაზა პრეზიდენტს რეკომენდაციები და პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ზვიად ქორიძემ.

სულ კომისიამ 699 განცხადება განიხილა.

კომენტარები