ნარკოდანაშაულთან ბრძოლა

ბეჟაშვილი: ნარკოტიკები ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა

ლევან ბეჟაშვილი
დიმა ჩიკვაიძე

“ნარკოტიკები და ნარკოტიკების ბრუნვა ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა. ამას დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება ნამდვილად არ უშველის”, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით ხელისუფლების მიდგომები გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლება ამ კუთხით არათანმიმდევრულია და სწორედ ამის შედეგია ნარკოდანაშაულების რიცხვის მასობრივი ზრდა. ბეჟაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტის შეწყალების სიაში ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ბრალდებულ ადამიანთა ყოფნას.

“ეს არის ის დამოკიდებულება და მიდგომა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ნარკოდანაშაულებების მიმართ. ერთის მხრივ, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა პიარის მიზნით, შემდგომ გამოშვება, მაგრამ, მეორეს მხრივ, კონკრეტულ ნარკორეალიზაციაში დამნაშავე პირების პირდაპირ, უაპელაციოდ, საპროცესო გარიგების სახით ან შეწყალებით გამოშვება”, - ამბობს ბეჟაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა მოიყვანა სამართალდამცავი ორგანოების არათანმიმდევრული მოქმედების ორი მაგალითი. მისი თქმით, ორი ტონა თხევადი ჰეროინის საქმეზე უდანაშაულო მძღოლი მთავრობას თავისი პიარის მიზნებისთვის ოთხი თვის მანძილზე ჰყავდა დაჭერილი. შემდეგ ის გაათავისუფლეს და დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, მართლაც ნარკოდანაშაულთან გვქონდა საქმე, თუ უბრალო, საყოფაცხოვრებო საღებავთან.

ბეჟაშვილის თქმით, მეორე საქმე სენაკის რაიონულ სასამართლოში მოხდა. არსებობდა ყველა მტკიცებულება და აღიარებითი ჩვენება, რომ ადამიანი მართლაც იყო დამნაშავე რეალიზაციის კუთხით, თუმცა ის პროკურატურის შუამდგომლობით, საპროცესო გარიგების გზით გაათავისუფლეს.

კომენტარები