კოალიცია ISIS-ის წინააღმდეგ

თურქეთი ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლ სირიელებს საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნის

Umit Bektas / Reuters

თურქეთის ტერიტორიაზე თურქული და ამერიკული სპეცდანიშნულების ძალები 2000 სირიელ ოპოზიციონერ მებრძოლს გაწვრთნიან. ამის შესახებ შაბათს, 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ კობანის აღებისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ.

წვრთნების მიზანია, გააძლიეროს ძალები, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის და ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვიან.

თურქეთი თანახმა იყო წვლილი შეეტანა შეერთებულ შტატებთან ერთად სირიელი ოპოზიციონერების გაწვრთნაში. ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის პარლამენტმა ნება დართო ქვეყნის მთავრობას, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები გამოიყენოს. თუმცა დღემდე არ იყო გარკვეული, მზად იყო თუ არა თურქეთი წვრთნები საკუთარ ტერიტორიაზე დაეშვა.

ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

სექტემბერში წვრთნების საკუთარ ტერიტორიაზე ჩატარებას საუდის არაბეთიც დათანხმდა.

ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა უკანასკნელი სამიზნე სირიის ქურთებით დასახლებული ქალაქი კობანი გახდა, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. კობანი ISIS-ის მებრძოლთა და ქურთულ ძალებს შორის დაპირისპირების ცხელ წერტილად იქცა. ანტიტერორისტული კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებმა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, 10 და 11 ოქტომბერს ექვსი ახალი საჰაერო დარტყმა მიიტანეს  კობანში ISIS-ის სამიზნეებზე. ამ კვირაში კოალიციამ ქალაქზე უკვე 50-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

კობანი უკვე სამი კვირაა ISIS-ის მებრძოლებს ალყაში აქვთ მოქცეული.

კომენტარები