ტელეკომპანიების რეიტინგი

ტელეკომპანიების რეიტინგს კიდევ ერთი კომპანია - კანტარ მედია გაზომავს

ტელეკომპანიების რეიტინგს 2016 წლის დასაწყისიდან კიდევ ერთი კომპანია - კანტარ მედია გაზომავს. საერთაშორისო კომპანია, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვით კვლევებს აწარმოებს, ქართულმა კომპანია TriMedia Intelligence-მა მოიწვია. დღეს TriMedia Intelligence-ის დამფუძნებლებმა და კანტარ მედიამ ახალი საზომი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. კანტარ მედია ქვეყანაში 600-დან 1000-მდე ფიფლმეტრს დაამონტაჟებს. ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა კომპანია რეგიონებს.

TriMedia Intelligence კვლევით კომპანია GORBI(Georgian Opinion Research Business International)-ის ბაზაზე 2014 წლის სექტემბერში დაფუძნდა. GORBI მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის. TriMedia Intelligence-ს მფლობელი ფაჩულიას გარდა, გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილია. ფაჩულიას განცხადებით, პირველად ხარჯებს სწორედ კომპანია GORBI დაფარავს, თუმცა, მისი თქმით, ფინანსური ხარჯის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტად 2 კვირაში ეცოდინება. ფაჩულია ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მის კომპანიასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ.

კომპანიას ტელეკომპანიებისთვის ფინანსური გეგმა ჯერ არ აქვს. ფაჩულიას თქმით, ტელევიზიებთან კონტრაქტის ვადა 3-5 წელი იქნება.

არასამთავრობოებთან და მედიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მერაბ ფაჩულიას ჰკითხეს, არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი იმაში, რომ TriMedia Intelligence-ის თანადამფუძნებელი გიორგი თევდორაშვილი მედიის წარმომადგენელია. კომპანია კი სატელევიზიო რეიტინგების გაზომვაშია ჩართული. მერაბ ფაჩულია ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს. თავად გიორგი თევდორაშვილი კი ამბობს, რომ ის მხოლოდ გაზეთის რედაქტორია და წილობრივად არცერთ ციფრულ ტექნოლოგიაში არ მონაწილეობს.

ტაბულამ კანტარ მედიას წარმომადგენელ კელდ ნილსენს ჰკითხა, რამდენად მოახერხებდნენ ფიფლმეტრების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კონფიდენციალობის დაცვას, რაზეც მან გვიპასუხა:

"ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ნებისმიერი ნაბიჯი გამჭვირვალე იქნება. ერთადერთი რამ, რასაც ვერ მიიღებთ, ვინაობა და მისამართია, სადაც ფიფლმეტრები იქნება დამონტაჟებული. ჩვენ ვართ ჩინეთში, რუსეთში და სხვა 'კონტროლირებად' ქვეყნებში. გვქონია დაინტერესება აქამდე აღნიშნულ ინფორმაციაზე, მაგრამ თუ შენ ამ ინფორმაციას გასცემ, ბიზნესი უნდა დახურო. იმიტომ, რომ ეს შენი რეპუტაციაა. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოითხოვს, ეს არასდროს მოხდება",-აღნიშნა ნილსენმა.

ჯერჯერობით, TriMedia Intelligence-სა და კანტარ მედიას ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. განხილვა მომდევნო კვირიდანაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზიების რეიტინგს ამ დროისთვის TVMR Georgia ზომავს.

კომენტარები